Girshesanishnaobani Sainformacio Centri Bmulebi English Version
 
 
mkharis shesakheb
mineraluri cklebi
kulturuli memkvidreoba
turistuli marshrutebi
sportuli shesadzleblobani
samto satkhilamuro kurorti
sad gavcherdet
gzamkvlevi borjomamde
suratebis galerea


ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტიმოთესუბნის გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა, საქართველოს "ოქროს ხანით" - 12–13 საუკუნეებით თარიღდება. იგი ქართული კულტურის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შესული.
ტაძარში პირველად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფრესკა ხვდება თვალს, შემდეგ კი, განკითხვის დღის უნიკალური კომპოზიცია იშლება, რომლის ფართობი 20 კვადრატულ მეტრს შეადგენს; მლოცველს საკურთხეველის თაღიდან ღვთისმშობლის მთლიანი ფრესკა გადმოჰყურებს.
მთავარ ტაძარზე არაფერი წერია, თუმცა, მონასტრის ტერიტორიაზე არსებული მცირე ეკლესიის დასავლეთის სარკმელზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს: "ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთ ერისთავისა". სწავლილთა აზრით, ეს მონასტერი საქართველოს "ოქროს ხანის" ლეგენდარული გმირის, შალვა თორელის განსასვენებელი ადგილია.
მონასტერი მართლაც საოცარ ადგილასაა გაშენებული: მიდიხარ და გგონია ახლომახლო არაფერია ვიწრო ხეობისა და ხმაურიანი ღელის გარდა; უცებ, მოსახვევში, ტიმოთესუბნის მონასტერი ცეცხლის ალივით აბრიალდება.
აქ ოდითგანვე ბერების სავანე ყოფილა. სახელწოდებაც სავარაუდოდ, მონასტრის დამაარსებლის იმ სახელს უკავშირდება, რომელიც ხალხის მეხსიერებამ შემოინახა. აქ მოღვაწე ბერების მიერ წირვა–ლოცვა დღესაც აღევლინება.







ქვაბისხევის წმ. მარიამის ეკლესია
ბორჯომის ხეობაში ერთ–ერთი უძველესი და საინტერესო ნაგებობაა წმინდა მარიამის მიძინების ქვაბისხევის ეკლესია. იგი მე–8–9 საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა, ხოლო მხატვრობა მე–12–13 საუკუნით თარიღდება. ფრესკიდან მდიდრული ტანსაცმლით მოსილი მამაკაცისა და ქალის გამოსახულებები იპყრობს ყურადღებას, რომლის ძველი ქართული ასომთავრული წარწერა გვამცნობს: "შოთაი და იაი". მამაკაცი დიდი პოეტი, შოთა რუსთაველია, ხოლო ქალი–დედამისი. ეკლესია ისტორიულ მესხეთში მდებარეობს, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით რუსთაველის მშობლიური კუთხეა. ლეგენდის მიხედვით ქვაბისხევის ხეობაში პოეტის დეიდა ყოფილა გათხოვილი და შოთასაც განათლება აქ მიუღია.



დაბის ეკლესია
წმინდა გიორგის სახელობის დაბის ეკლესია საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რომელიც დაბურულ ტყეში ისეა შეყუჯული, როგორც ჩიტი საკუთარ ბუდეში და გზიდან არ მოჩანს. დაძარს სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. დასავლეთის კარზე ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს: "ინდიქტიონისა მეფეთ–მეფე გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტისა, სიტყვისა ღვთისა ხორცშესხმის მიზეზით, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ–მეფის გიორგისა მე მოლარეთუხუცესმა: ქ–კნ.კა". ე.ი. დაბის ეკლესია 1333 წელს გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს, ანუ ხაზინის უფროსს აუშენებია.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მას ორი– ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი აქვს. პირველი სადაა, ხოლო მეორე, თავის სარკმელთან ერთად ორნამენტებითაა და თაღოვანი ჩარჩოებით არის მორთული.
ეკლესიას კარები არ აქვს. არსებობს თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ სალოცავისთვის კარი რამოდენიმეჯერ შეუბამთ, მაგრამ უშედეგოდ – ის ყოველთვის ვარდებოდა





მწვანე მონასტერი
ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ თუ მარჯვნივ გადავუხვევთ, ვიწრო, დაბურული ხეობა ფოთლოვანი ტყის შუაგულში, ორიოდე კილომეტრის სიღრმეში მდებარე მწვანე მონასტერთან მიგიყვანთ; რომელსაც თამამად შეგვიძლია, მწვანე სამოთხე ვუწოდოთ. აქ დღესაც მამათა მონასტერია, სადაც ბერები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ლოცვას აღავლენენ. ფეხით მიმავალმა გზად შეიძლება გარეული ნადირის ხმაც მოისმინოთ. IX საუკუნის ეს ძეგლი მეცნიერთა აზრით ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და ტევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა; ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და წყალი ვერაფერს აკლებს.





გოგიას ციხე
საკურორტო ქალაქს ჩრდილო–დასავლეთიდან შუა საუკუნეების ძეგლი, ე.წ. გოგიას ციხე დაჰყურებს თავს; მსგავსი ოთხკუთხა კოშკები ქართულ არქიტექტურაში მე– 14 საუკუნეზე გვიან არ გვხვდება. მისი ქონგურებიდან ქალაქის ხედების ცქერით შეგიძლიათ დატკბეთ. ციხე ბორჯომის მფობელებს, ფეოდალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ და დღემდე გოგია ავალიშვილის სახელს ატარებს.



 
  © ბორჯომის რაიონის ტურიზმის სამსახური 2006